„ლიონმა“ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც საფრანგეთის თასი პსჟ-მ მოიგო.
საქმე ისაა, რომ ფინალი „რეიმსს“ რომ მოეგო, ევროპა ლიგაზეც გავიდოდა, შესაბამისად, „ლიონი“ კონფერენს ლიგის საგზურით დაკმაყოფილდებოდა. თუმცა, რადგან თასი პსჟ-მ მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეა გასული, ევროპა ლიგის საგზური ლიგა 1-ის მეექვსე ადგილოსანს („ლიონს“) ერგო.
თავის მხრივ, კონფერენს ლიგაზე გავიდა მეშვიდეადგილოსანი „სტრასბური“, ხოლო „რეიმსი“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა. მეტიც, მას ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლა უწევს, „მეცთან“ საპასუხო პლეი-აუტის მატჩი ელოდება, რომელსაც სტუმრად დაუზავდა (1:1).
ამრიგად, გიორგი მიქაუტაძე თუ ზაფხულში „ლიონს“ არ დატოვებს, მომდევნო სეზონში ისევ ევროპა ლიგაზე ითამაშებს, სადაც ამ სეზონში თავი 4 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.