ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ პლეი-აუტში ორმატჩიანი დუელი მოიგო და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ფრანკ შმიდტის გუნდი „ელვერსბერგს“ პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დაუზავდა (2:2), მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა, ხოლო ამჯერად, სტუმრად 2:1 გაიმარჯვა და მომდევნო სეზონში კვლავ ელიტაში ითამაშებს.
მათიას ჰონზაკის გოლით „ჰაიდენჰაიმი“ მეცხრე წუთზე დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა 33-ე წუთზე უპასუხეს და წონასწორობა აღადგინეს. ბუდუ ზივზივაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 23-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
მატჩი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, რადგან ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ 95-ე წუთზე ფრანკ შმიდტის შეგირდებმა გამარჯვების გოლი შეაგდეს. საგოლე კომბინაციაში ბუდუც მონაწილეობდა, ხოლო გოლი ლეო სიენცამ გაიტანა - 1:2. ორი მატჩის ჯამში კი, ქართველი ფორვარდის გუნდმა 4:3 მოიგო.
ამრიგად, ბუდუ ზივზივაძე და „ჰაიდენჰაიმი“ მომდევნო სეზონშიც ბუნდესლიგაში ითამაშებენ.
ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 19 მატჩში 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.