ფეხბურთი

2:39 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "კონტემ სკუდეტო მაინც მოგვიტანა, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მსგავსი ვარსკვლავი დაკარგა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მან ნეაპოლში გუნდის ვახშამზე ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ კონტესთვის ტაში დაეკრათ. დე ლაურენტისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კონტემ გუნდს სკუდეტო ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის მიუხედავად მაინც მოაგებინა.

ზოგადად, დე ლაურენტისის გამოსვლა ძალიან ჰგავდა კონტესთან დამშვიდობებას. გავლენიანი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ანტონიომ გუნდს უკვე აცნობა გადაწყვეტილება - „ნაპოლიდან“ მიდის.

„აუცილებლად უნდა ჩავეხუტო ამ სინიორს [კონტე] სენტიმენტალურად, რადგან მან ჩაიბარა გუნდი, რომელიც რთულ ვითარებაში იყო და ერთად გავაძლიერეთ. შემდეგ სეზონი დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მომენტში კვარაცხელიასნაირი ვარსკვლავის გარეშე დარჩა, აგრეთვე, მრავალი ინციდენტისა და ტრავმების მიუხედავად, გამოიყენა არა ერთი, არამედ 4-5 ტაქტიკური სქემა და მაინც მოგვიტანა ბოლო სამ სეზონში მეორე სკუდეტო. ამიტომ, გთხოვთ, აპლოდისმენტებით დავაგვირგვინოთ. მადლობა! ვუსურვებ, რომ პროფესიულ ცხოვრებაში გააგრძელოს წარმატებების მიღწევა. ეს ადამიანი პატივისცემასა და წარმატებას იმსახურებს. მადლობა ანტონიო“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

პრეზიდენტის შემდეგ უკვე კონტემ გააკეთა განცხადება, რომელიც ასევე ჰგავდა დამშვიდობებას:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და გუნდს, რომლებიც ამ გამარჯვების ნამდვილი გმირები არიან. გამიმართლა, რომ სერიოზულ, პროფესიონალ ბიჭებთან ვმუშაობდი. კარგად ვახერხებდით სირთულეების დაძლევას და რაღაც არაჩვეულებრივის გაკეთებას. თუ გუნდმა ბოლო სამ სეზონში ორი სკუდეტო მოიგო, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი გამარჯვებულია, ყველას ვულოცავ. დღეს ძალიან ემოციური დღე იყო, მადლობას გიხდით ჩემი და მოთამაშეების სახელით“, - თქვა იტალიელმა მწვრთნელმა.

როგორც ცნობილი ხდება, ტურინის „იუვენტუსს“ მზად აქვს სამწლიანი კონტრაქტი და 11-წლიანი პაუზის შემდეგ კონტე „ბიანკონერიში“ დაბრუნდება. „ნაპოლის“ მისი შეცვლა მოუწევს, მთავარი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087967