ფეხბურთი

14:34 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს, მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი, მოახლოებული შეხვედრებისთის შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგმა სპეციალისტმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა და მოლოდინისამებრ, ის გადახალისებული, ექსპერიმენტულია. მაგალითად, განაცხადში არ არიან ნაკრების ლიდერები, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მათ მძიმე და ხანგრძლივი სეზონის შემდეგ დასვენების შესაძლებლობა ექნებათ, ეს განსაკუთრებით კვარაცხელიაზე ითქმის, რომელიც 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, ხოლო 15 ივნისიდან უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ასე რომ, ხვიჩას ცოტა ამოსუნთქვა ნამდვილად სჭირდება. მამარდაშვილზეც დააანონსებული იყო, რომ ივნისში ნაკრების შეკრებაზე არ იქნებოდა. ჩაკვეტაძეს ტრავმა აწუხებს და ბუნებრივია, გარისკვა არ ღირდა. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდე ნაკრებს დაუთმეს საბა გოგლიჩიძე და ირაკლი აზაროვი.

შედეგად, ეროვნულ ნაკრებში შანსი ახალ სახეებს მიეცემათ. მაგალითად, სანიოლის სიაში ოთხი დებიუტანტია: მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, "დინამო თბილისის" 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილი, ასევე, გორის "დილას" მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული "კოლოსის" ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული "ისტრას" თავდამსხმელი გიორგი გაგუა.

ნაკრებს დაუბრუნდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში ვერ ხვდებოდნენ განაცხადში, მაგალითად, გიორგი ბერიძე, გურამ გიორბელიძე, ივა გელაშვილი, გიორგი ქვილითაია და საბა ლობჟანიძე.

ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს საქართველოს ნაკრები 31 მაისს, თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა)

მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი)

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100571