საქართველოს მსგავსად იტალიაშიც მევენახეობა-მეღვინეობა ისტორიულად მნიშვნელოვან დარგია და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ღვინის ჩამოსხმა იტალიის ძველი და ცნობილი ტრადიციაა. რასაკვირველია გამონაკლისი არც ფეხბურთია. იტალიის ჩემპიონი კლუბის სახელზე ღვინის დამზადება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყეს.
„ნაპოლის“ გაჩემპიონების აღსანიშნავად, კამპანიის რეგიონში მდებარე ერთ-ერთმა ღვინის საწარმომ მონტეპულჩინოს ჯიშის ყურძნისგან წითელი მშრალი ღვინო ჩამოასხა, რომლის ფასი 6 ევროდან დაიწყება. ღვინის დიდი ნაწილი ცხადია საკუთრივ ნეაპოლში გაიყიდება, თუმცა გარკვეული რაოდენობა რომში და მილანშიც ჩავა.
სხვათა შორის, იტალიაში დაფიქსირებული ვაზის ჯიშებიდან უმეტესი ნაწილი სამხრეთით მდებარე რეგიონებზე მოდის და ქალაქ ნეაპოლის შემოგარენში მევენახეობა ყოველთვის განვითარებული იყო. წითელი მშრალი ღვინის პიცასთან შეხამება კი ნეაპოლელთა ძველი და საამაყო ტრადიციაა.