ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლორენცო ამორუზომ „ნაპოლის“ ნახევარმცველზე, სკოტ მაკტომინეიზე ისაუბრა, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ამორუზო, რომელიც „ფიორენტინაში“, „რეინჯერსსა“ და „ბლექბერნში“ თამაშობდა, მიიჩნევს, მაკტომინეიმ მას შემდეგ აჩვენა თავისი შესაძლებლობები, რაც „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა.
„მაკტომინეის სეზონი არ შეიძლება 8 ქულაზე ნაკლებად შეფასდეს. მაკტომინეიმ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ ითამაშა. არ ვიცი, შოტლანდიელი ამას თუ მოახერხებდა, მოედნის იმ ნაწილში ქართველი რომ ყოფილიყო.
კვარაცხელიას წასვლის შემდეგ მაკტომინეიმ მეტი სივრცე მიიღო, ქართველი კი, ამცირებდა იმის შესაძლებლობას, რომ შოტლანდიელი საჯარიმოში ხშირად შესულიყო. თავიდან მაკტომინეი ხშირად ვერ იტანდა გოლებს, მაგრამ ყოველთვის საჯარიმოში იყო, ყოველთვის საჭირო დროს. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ინგლისში აკრიტიკებდნენ და იტალიაში ასე კარგად თამაში ადვილი არ იყო, კონტემ მასზე ბევრი იშრომა“, - თქვა ამორუზომ.
შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეიმ სერია A-ში 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და სეზონის MVP გახდა. მან 12-დან 8 გოლი კვარას წასვლის შემდეგ მიითვალა.