„ლივერპულს“ კუივინ კელეჰერი ტოვებს. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის ირლანდიელი მეკარე ძალიან ახლოსაა „ბრენტფორდში“ გადასვლასთან, სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს, ვიდრე „ლივერპულში“ იღებს.
კელეჰერმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება გუნდში მეორე მეკარის როლით, რასაც ისიც დაემატა, რომ კლუბმა გიორგი მამარდაშვილი დაიმატა, შესაბამისად, მისთვის „ლივერპულში“ ადგილი აღარ დარჩა.
ასე რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ზაფხულიდან „ლივერპულის“ მთავარი მეკარის სტატუსისთვის ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ, რადგან როგორც ჩანს, კლუბი ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს და არც ალისონს სურს კლუბის დატოვება.
კელეჰერი „ლივერპულში“ 2019 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა.