საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გორის „დილამ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
მე-19 წუთზე სტუმრები ლეუ ასუნსეუს გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველია, სეზონში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.
თუმცა, „დილამ“ პირველი ტაიმში გაათანაბრა, შოთა შეყილაძის დიდებული გოლით. ის მოედანზე საუკეთესო იყო, 52-ე წუთზე მან მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი და დუბლი შეასრულა. შეყილაძეს ჰეთ-თრიქის შანსიც ჰქონდა, არ გაუმართლა, ბურთი ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ, გორელებმა 2:1 გაიმარჯვებს.
შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: 85-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გულშემატკივრებთან იკამათა, მოედანი დატოვა და მათკენ გაემართა, რაც საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისთვის სეზონში მეორე წითელი ბარათით დასრულდა. როგორც გავრცელდა ცნობა, მთელი თამაშის განმავლობაში ორი გულშემატკიარი ჯაბას პროვოცირებას ცდილობდა...
„დილა“ 38 ქულით მეორე ადგილზე ასრულებს მეორე წრეს, წინ საქართველოს სუპერთასი და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი აქვს, ხოლო „დინამო“ ზაფხულის პაუზას მოსამზადებლად გამოიყენებს. ეროვნულ ლიგაში ორივე გუნდს მომდევნო მატჩი 2 აგვისტოს ელოდებათ. „დინამო თბილისი“ 29 ქულით მესამე ადგილზეა.
„დილა“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ასუნსეუ (19), 1:1 შეყილაძე (45), 2:1 შეყილაძე (52)