„ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს დარჩენის შანსი გაიზარდა. თითქოს, სეზონის დასრულების შემდეგ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი ბოლო ორი დღის განმავლობაში მწვრთნელს შეხვდა და როგორც ჩანს, მის დარწმუნებას ახერხებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ნაპოლიში“ თავდაჯერებული არიან კონტეს დარჩენაში. ჯერ მწვრთნელს საბოლოო პასუხი არ უთქვამს, უახლოეს დღეებში იტყვის, მაგრამ ახლა მისი დარჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე „იუვენტუსში“ დაბრუნების.
ამრიგად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, კონტე „ნაპოლიში“ მომდევნო სეზონშიც იმუშავებს. როგორც ცნობილია, მას აურელიო დე ლაურენტისთან კარგი ურთიერთობა აქვს.
კონტეს დაყოლიების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა, ასევე ნეაპოლელი ხალხისგან დიდი სიყვარული სახელდება, მაგრამ გასათვალისწინებელი ფაქტორია „იუვენტუსში“, რომელსაც მისი გადაბირება სურს, არსებული ქაოსი - ტურინული კლუბის მენეჯმენტში ჯერ კიდევ სრული გაურკვევლობაა და არავინ იცის, ვინ იქნება ახალ სეზონში კლუბის სპორტული და გენერალური დირექტორები.