ლონდონის „ჩელსიმ“ უეფას კონფერენს ლიგა მოიგო. ფინალში ენცო მარესკას გუნდმა სევილის „ბეტისი“ 4:1 გაანადგურა.
არადა, ერთი საათის განმავლობაში ამ შედეგს არაფერი მოასწავებდა. „ბეტისმა“ ძალიან კარგად დაიწყო, მეცხრე წუთზე აბდე ეზალზულიმ გახსნა და ესპანური გუნდი დააწინაურა.
მანუელ პელეგრინის გუნდი აკონტროლებდა მატჩს, „ჩელსი“ მომენტებს ვერ ქმნიდა, მაგრამ 65-ე წუთიდან თამაში შეიცვალა, თითქოს, ამის შემდეგ მოედანზე სულ სხვა გუნდები იყვნენ.
ყველაფერი კი, ენცო ფერნანდესის გოლმა შეცვალა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა და ამის შემდეგ „ჩელსი“ შეუჩერებელი გახდა. ძალიან მალე ნიკოლას ჯექსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. უნდა აღინიშნოს ორივე გოლში კოულ პალმერის წვლილი, რომელმაც საგოლე პასები გააკეთა.
მატჩის მიწურულს ლონდონელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ დალაშქრეს მეტოქის კარი - 4:1.
საინტერესო ამბავია ის, რომ 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ევროთასის ფინალში ესპანური გუნდი დამარცხდა. დიახ, 24 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსია“ „ბაიერნთან“ რომ დამარცხდა, მას შემდეგ ევროტურნირის ფინალი ესპანურმა გუნდმა პირველად ახლა წააგო - 2025 წელს. ცხადია, აქ არ იგულისხმება იმ ესპანური გუნდების ის მარცხები, როცა ასევე ესპანურ გუნდთან დათმეს ფინალი (მაგალითად, „ატლეტიკოს“ ფინალები 2014 და 2016 წლებში). ესპანელთა სერია 23 ფინალიდან 23 გამარჯვებას მოიცავდა.
თავის მხრივ, „ჩელსი“ პირველი გუნდია, რომელმაც ყველა ევროტურნირი აქვს მოგებული - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა და თასების თასი.
„ბეტისი“ – „ჩელსი“ 1:4 (1:0)
გოლები: 1:0 ეზალზული (9), 1:1 ფერნანდესი (65), 1:2 ჯექსონი (70), 1:3 ჯექსონი (83), 1:4 კაისედო (90)