ფეხბურთი

17:10 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ პრემიერლიგის ორგზის გამარჯვებულის უფასოდ დამატებას ცდილობს

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ლეროი სანე შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. The Times-ის ცნობით, „არსენალი“ სერიოზულად ცდილობს 29 წლის ფეხბურთელის შეძენას.

ლონდონური კლუბი სანეს ზაფხულში დამატებას აპირებს, როდესაც მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ იწურება. ფეხბურთელის სამუშაო ხელშეკრულება მიუნხენურ კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა შეტევის ფლანგების გაძლიერების გზებს ეძებს და სანე ამ ზაფხულის პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევს.

ამავდროულად, „ბაიერნი“ კვლავ იმედოვნებს, რომ სანეს შეინარჩუნებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმების გახანგრძლივებაზე. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტსა და მიუნხენის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანეს დამატება „ტოტენჰემსაც“ შესთავაზეს. 2024/2025 წლების საკლუბო სეზონის 45 მატჩში თავდამსხმელმა 13 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სანე პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა. კლუბთან ერთად ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

0.090583