11-წლიანი პაუზის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი „მილანში“ ბრუნდება. ყველაფერი გადაწყდა, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
ალეგრი „მილანთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება. ალეგრი „როსონერიში“ სერჟიო კონსეისაოს შეცვლის.
მაქსი „მილანს“ 2010 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე ავარჯიშებდა, როცა გუნდს თითოჯერ სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.
2014 წლიდან ალეგრი მხოლოდ „იუვენტუსში“ მუშაობდა, 2014-2019 და 2021-2024 წლებში, ხოლო 2019-2021 და 2024-2025 წლებში ის უბრალოდ ისვენებდა, უგუნდოდ იყო. „იუვეში“ ალეგრიმ ბევრად დიდი ისტორია დაწერა, ვიდრე „მილანში“. ტურინულ გრანდს 5-ჯერ მოაგებინა სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
მაქს ალეგრის „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს შემცვლელად ასახელებდნენ, რომელთანაც ასევე სიტყვიერად შეთანხმებული იყო, მაგრამ ალეგრიმ ლოდინს „მილანში“ დაბრუნება ამჯობინა. ლოდინს იმიტომ, რომ „ნაპოლიში“ კონტეს მომავალი ჯერ არ გადაწყვეტილება, მეტიც, უფრო დიდი შანსია, რომ ის გუნდში დარჩეს, ვიდრე წავიდეს.