იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ადგილი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სეზონი დასრულებულია და პლეი-აუტში უნდა ეთამაშა.
საქმე ისაა, რომ „ბრეშას“ 4 ქულა დააკლეს, რამაც ყველაფერი შეცვალა. რეგულარული სეზონის შედეგების მიხედვით, ლომბარდიულმა კლუბმა სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ 4 ქულის დაკლების შემდეგ ის გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა და სერია C-ში გავარდა. ამან სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.
კერძოდ: სერია B-ში პირდაპირ შეინარჩუნა ადგილი გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“, რომელსაც წესით ამისთვის პლეი-აუტში უნდა ებრძოლა.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ პლეი-აუტში მაინც ითამაშებს, მაგრამ „ფროზინონეს“ ნაცვლად „სამპდორიას“ დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ, შანსს იღებს ისტორიაში პირველად სერია C-ში გავარდნას თავი აარიდოს. „სამპა“ გასავარდნ ზონაში იყო „ბრეშას“ ქულების დაკლების გარეშე, მაგრამ ლომბარდიელების დასჯის შედეგად, სწორედ მას გადაასწრო და პლეი-აუტის ზონაში აღმოჩნდა.
ამრიგად, ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ გადასარჩენ პლეი-აუტში „ფროზინონეს“ ნაცვლად „სამპდორიას“ შეხვდება. სხვათა შორის, ლოჩოშვილის გუნდს გენუელებთან ის უპირატესობა ექნება, რომ ორი მატჩის ჯამში ფრე ეყოფა, საპასუხო შეხვედრასაც შინ გამართავს. შედარებისთვის, „ფროზინონესთან“ ეს უპირატესობები სალერნოელებს არ ექნებოდათ.