ფეხბურთი

18:57 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "მოჯის ვუთხარი, რომ "უდინეზეში" იჯარით დელ პიერო გაეშვა"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ გაიხსენა, რატომ დატოვა „იუვენტუსი“ 1999 წელს, როცა კლუბში სულ რაღაც 6 თვის მისული იყო.

როგორც მან თქვა, „იუვეს“ გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი და მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, მას „უდინეზეში“ იჯარით გაშვებას უპირებდნენ, რაზეც უარი თქვა და კლუბი დატოვა.

„ისინი 3-5-2 სქემით თამაშობდნენ, მე მარცხენა ფულბეკი ვიყავი. 9 ნომრობიდან ლატერალის პოზიციაზე გადავედი, რაც მანამდე გაკეთებული არ მქონდა. თამაშების უმეტესობა სწორედ ამ პოზიციაზე ვითამაშე. მაშინ მივხვდი, რამდენად რთული იყო ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელი ყოფილიყავი და რას ნიშნავდა გუნდისთვის თამაში.

„იუვენტუსს“ „უდინეზედან“ მარსიო ამოროზოს დამატება სურდა, რომელსაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენდნენ, თუ მე „უდინეზეში“ იჯარით წავიდოდი. მოჯიმ მითხრა: „შენი გვჯერა, მაგრამ ჯერ უდინეზეში უნდა გაგიშვათ“. მე კი, ვუპასუხე: „დიდი ნდობაა... ენდობით დელ პიეროს? მაშინ, ის გაუშვით „უდინეზეში“! იმ დროს ცოტა სულელი ვიყავი და ეს არ იყო კარგი პასუხი, მაგრამ ჩემი აზრი დავაფიქსირე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ „იუვეს“ მაისურით აღარასდროს ვითამაშებდი. არა, ეს შესანიშნავი კლუბია, მართლაც, დიდებული და შესანიშნავი გულშემატკივრებით, მაგრამ ჩემდამი კლუბის ხელმძღვანელობამ პატივისცემა არ გამოიჩინა და ამიტომ წავედი“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრიმ 1999 წელს „იუვენტუსში“ 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და შემდეგ კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094706