„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ სეზონის ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ეიბართან“ თამაშამდე ესპანელმა აღნიშნა, რომ ალბათ, გიორგი ქოჩორაშვილი ვერ ითამაშებს, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ბოლო პერიოდში ტრავმიანი თამაშობდა, რადგან გუნდს სჭირდებოდა. თუმცა, ახლა, როცა „ლევანტე“ ლა ლიგაში გადავიდა, გარისკვა არ ღირს.
ქოჩორაშვილისთვის „ეიბართან“ ბოლო მატჩია „ლევანტეში“, ის ფანებს უნდა დაემშვიდობოს, თუმცა, შეიძლება ამის გაკეთება თამაშის გარეშე მოუწიოს.
„ეს ქოჩორაშვილის გადასაწყვეტია, არ შეგვიძლია მისი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება. უკვე საკმარისად ითამაშა, როცა რეალურად უნდა შეჩერებულიყო და არ ეთამაშა. ახლა ყველაფერი რთულადაა, რადგან ის ამჟამად ფორმაში არ არის. მეც მინდა, რომ რამდენიმე წუთი ითამაშოს, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან მის ჯანმრთელობას ხელს შევუშლით და ეს კარგი არ იქნება. გულშემატკივართან დამშვიდობება მასაც სურს და გულშემატკივარსაც სურს გიორგის დამშვიდობება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი გაცილება ელის, თუმცა სათამაშოდ მზად არაა“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ვალენსიელთა აღზევებაში. ის ზაფხულიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.