ფეხბურთი

20:01 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესი: "კვარაცხელიას ვიცნობთ, შესანიშნავი ფეხბურთელია, ყურადღებით უნდა ვიყოთ"
"ვეცდებით, იდეალურად ვითამაშოთ, რათა იტალიაში დავაბრუნოთ ტიტული, რომელიც დიდი ხანია გვაკლია"

„ინტერის“ კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ვრცლად ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ინტერის“ კაპიტანს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ქართველ ფეხბურთელს. ლაუტარომ თავიდან უნებლიედ პასუხის გაცემა ესპანურ ენაზე დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ესპანურად საუბრობდა, გაიღიმა, ბოდიში მოიხადა თქვა, რომ ქართულად საუბარი არ შეუძლია, ამიტომ, პასუხი იტალიურ ენაზე გასცა:

„მას, როგორც ფეხბურთელს, ძალიან კარგად ვიცნობთ, როდესაც „ნაპოლიში“ იყო, ბევრჯერ გვითამაშია. მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც ერთი-ერთზე ძლიერია, სივრცეების ათვისება შეუძლია, მაგრამ ყურადღება არა მხოლოდ მას, არამედ პსჟ-ს ყველა ფეხბურთელს უნდა მივაქციოთ, რადგან მათ ასეთი ხარისხის ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ. მატჩის დაწყებამდე საათები დარჩა, დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს, დეტალებს გავივლით, შემდეგ დავისვენებთ, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ ფინალისთვის“, - თქვა ლაუტარომ.

ლაუტარომ პრესკონფერენციაზე სხვა თემებზეც ბევრი ისაუბრა, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მოგება მის კარიერას აკლია თუ არა:

„მართალია, ბევრი ტიტული მოვიგე. არ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგა მაკლია, მაგრამ ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი მიზანია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ კიდევ ერთ ფინალში თამაში შემიძლია. ვეცდებით, იდეალურად ვითამაშოთ, რათა იტალიაში დავაბრუნოთ ტიტული, რომელიც დიდი ხანია გვაკლია“.

მატჩის გეგმა

„იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ, ყველა დეტალს ყურადღება მივაქციოთ. ფინალია, კონცენტრირებული და მომზადებული უნდა იყო, საუკეთესოდ კონცენტრირებულები, დასვენებულები და მზად, რომ პსჟ-ს დავუპირისპირდეთ“.

ფინალი კაპიტნის სტატუსით

„რა თქმა უნდა, კაპიტნის რანგში ფინალის თამაში განსხვავებულია, მაგრამ ყველა თამაშს გუნდისთვის ვთამაშობ. ეს ფინალია, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ, რისი გაკეთებაც ვიცით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ შეგვიძლია მისთვის საფრთხის შექმნა. მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ“.

„ოქროს ბურთი“

„როგორც ყოველთვის ვამბობ: ინდივიდუალური ჯილდოები ყოველთვის მეორეხარისხოვანია. არ ვფიქრობ ამაზე, არა იმიტომ, რომ არ მინდა მოგება, არამედ, მთავარი მიზანია „ინტერმა“ მოიგოს ის ტიტული, რომელიც 15 წელია დაკარგული აქვს და გავახაროთ „ინტერის“ ტიფოზები“.

ლაუტაროს სეზონი

„ამ სეზონში ბევრი გოლი გავიტანე, კარგი მატჩები ჩავატარე, თუმცა, ვცდილობ ყოველდღე გავიზარდო, ეს არის ჩემი ფიქრები, რამაც აქამდე მომიყვანა. ბედნიერი ვარ გავლილი გზით, ამ ფინალში თამაშის შესაძლებლობით, მესამე სეზონში მეორედ. დამსახურებულია იმ თავგანწირვისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ“.

სიმონე ინძაგის ფაქტორი

„მშვიდად ვართ, მწვრთნელი ჩვენთანაა, ყოველდღე მუშაობს გუნდის გასაძლიერებლად. ამ კვირაში ისე ვემზადებოდით, როგორც ყოველთვის. თუ მოვიგებთ, გამარჯვებას მწვრთნელს, ჩვენს ფანებს და ოჯახებს მივუძღვნით“.

„ინტერთან“ ვალში

„ინტერმა“ პრაქტიკულად ბავშვი ამიყვანა, შესაბამისად, გუნდთან ვალში ვარ. მოედანზე 100%-ს ვაკეთებ, რაც მნიშვნელოვანია, ეს ტიტულებია, ხვალ შანსი გვაქვს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ. ვეცდებით, მაქსიმუმის გაკეთებას, მეც, თანაგუნდელებიც და მწვრთნელიც, აქ ყოფნა დავიმსახურეთ“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ოფიციალურად შეხვედრებში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ინტერთან“ ხუთჯერ ითამაშა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 0 გოლი და 0 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.105199