მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც იტალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მზად არიან და თასის მოგებაზე ოცნებობენ:
ნახევარდაცვის მნიშვნელობა
„რა თქმა უნდა, მზად ვართ, დამუხტულები. თუმცა მეტოქეს პატივს ვცემთ, რომელიც ძლიერია. სეზონის კარგ დასასრულს ვიმსახურებთ. მათ ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავთ, ისევე, როგორც მთელი გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ იქნებოდნენ. ნახევარდაცვა გულია, მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენი ძალა გუნდურობაშია. „ბარსელონასთან“ ეს დავამტკიცეთ, შესანიშნავი ჯგუფის და დიდი გუნდის გარეშე, მსგავს მატჩს ვერ ჩავატარებდით“.
ფინალში თამაშის ოცნება
„ასეთ მატჩში თამაშზე ბევრჯერ მიოცნებია, ეს ყველა ბავშვის ოცნებაა. თუმცა, ამავდროულად, ასეთი მატჩები ყველაზე რთულია, შინაგანად რაღაცას გიტოვებს, დიდ ემოციას. ორი წლის წინ ფინალში შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ახლა ვეცდებით, უფრო ყურადღებით ვიყოთ, თასი ყველა ჩვენგანის ოცნებაა“.
თანაგუნდელები
„ჩემი თანაგუნდელებისთვის მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია. გარდა იმისა, რომ მათ ყველაფერი მომცეს, გამზარდეს, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. მათ, ვინც გუნდიდან უკვე წასულია, რომლებთანაც გავიზიარე სიხარული და იმედგაცრუება, მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ვეცდები, ბიჭებს ეს ყველაფერი დავუბრუნო, მოედანზე მათ გამო ვთამაშობ და არა ჩემთვის“.
ყვითელი, მესამე მაისურით ფინალის თამაში
„ვისაუბრეთ, რამდენიმე არჩევანი გვქონდა და ყვითელი მაისური ავირჩიეთ. არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ მოგვწონს“.
მოგების სურვილი
„მოედანზე მოგების სურვილით გავალთ, რათა გავახაროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმატების იმედით გვიყურებს. ახლა უფრო მეტად ვფიქრობთ ფინალზე, მაგრამ მოედანზე გასვლის მომენტში ემოცია დაიკლებს“.
ჯანლუიჯი დონარუმასთან მეგობრობა
„დონარუმას გუშინ ვესაუბრე, ყველაფერზე ვილაპარაკეთ ფეხბურთის გარდა: ოჯახზე, ნაკრებზე... ჯიჯო ჩემი მეგობარია, დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც პსჟ-ს ყველა ფეხბურთელს“.
გოლი მიუნხენში, როგორც 2021 წელს, ბელგიასთან
„ფეხბურთში მხოლოდ გოლი არ არსებობს, ხვალ თუ გავიტან, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ჩემთვის მთავარია გუნდს დავეხმარო“.
ნიკოლა ჟალევსკი და პიოტრ ჟიელინსკი
„მხოლოდ დადებითად საუბარი შემიძლია ჟიელინსკისა და ჟალევსკიზე. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, სუპერ ბიჭებიც არიან. ჟიელინსკიმ ადაპტაცია მალევე გაიარა, რამდენიმე თამაშში მისი არყოფნა დაგვეტყო. ჟალევსკიც უნდა შევაქო, რადგან მალევე მოახერხა გუნდთან ინტეგრირება. ყველა ბედნიერი ვიქნებით, თუ აქ დარჩება“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ოფიციალურად შეხვედრებში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ინტერთან“ ხუთჯერ ითამაშა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 0 გოლი და 0 საგოლე პასი.