„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან ბევრ თემაზე ისაუბრა, გუნდზე, სამზადისზე, გუნდის ფორმაზე, ლუის ენრიკეზე და უსმან დემბელეზე:
ლუის ენრიკეს როლი
„მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის თავიდანვე განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ნაწილზე მუშაობდა. საქმე ეხება მატჩის ემოციების მართვას 90 წუთის განმავლობაში, რაც ფუნდამენტურია სასურველი შედეგების მიღწევა. მისი მოსვლის შემდეგ მან ბევრი იმუშავა ამ ასპექტზე. რთულ მომენტებშიც კი, ყოველთვის ვახერხებდით თამაშების შემობრუნებას, მათ შორის ლუის ენრიკეს კლუბზე გავლენის წყალობით. მან მაქსიმალურად კარგად მოგვამზადა ხვალინდელი ფინალისთვის და მზად ვართ ნებისმიერი რამისთვის, რაც „ინტერმა“ შეიძლება გააკეთოს. გვინდა, რომ თასი სახლში წავიღოთ, ეს არის თასი, რომელიც გვაკლია“.
უსმან დემბელეს მნიშვნელობა
„ის ფუნდამენტურია, ის ლიდერია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი შეტევითი თამაში, არამედ მოედანზე ყოფნაც. მას მხოლოდ მატჩებში ხედავთ, მე კი ვარჯიშებზეც ვხედავ. მიხარია, რომ ინტელექტუალურ თანაგუნდელთან ერთად ვთამაშობ, რომელმაც იცის სივრცეების შევსება. მისი ჩაკეტვა ძალიან რთულია, გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. გუნდური ძალისხმევაა საჭირო. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, რომ მატჩი მოვიგოთ“.
საუკეთესო პსჟ
„შემიძლია ვთქვა, რომ გვიყვარს ერთად თამაში, ვერთობით და ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს: ერთმანეთს გვესმის როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ეს გავლენას ახდენს შედეგებზე. მიყვარს ეს გუნდი, მიყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ მოედანზე და მის გარეთ“.
მატჩისთვის სამზადისი
„ეს ცოტა განსხვავებულია წინა ფინალისგან, თუნდაც გარემოთი. მაშინ მაყურებლის გარეშე ვითამაშეთ. პირად დონეზე ვიცი, რომ არის რაღაცები, რაც მეხმარება, მაგრამ საიდუმლო არ არის: კარგად უნდა იკვებო, კარგად დალიო წყალი, ძილის წინ იზრუნო საკუთარ თავზე, რომ საუკეთესო ფორმაში იყო. თუ რამის თქმა დამჭირდება, თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი ვიქნები, ყველამ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. არ გვინდა ახალგაზრდა მოთამაშეებს ზედმეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ, სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. საქმე ზედმეტ მოტივაციაში არ არის: ეს შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ ყველანი მოტივირებულები ვართ და მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოგვამზადა“.
პსჟ-ში შეცვლილი ნეგატიური წნეხი
„დიახ, ვფიქრობ, კლუბმა გაიგო, როგორ მართოს და როგორ მიუდგეს ამ ტიპის თამაშებს. ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს ახალი მიზნები, შევცვალეთ ვარჯიში: ნამდვილად კარგ ფორმაში ვართ. გვყავს გამორჩეული მწვრთნელი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, თუნდაც ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავდეს. ვფიქრობ, ეს სხვადასხვა ფაქტორის ნაზავია, რამაც საშუალება მოგვცა, ამ მომენტამდე მივსულიყავით“.
ორი ფორვარდის წინააღმდეგ თამაში
„უკვე ვიმუშავეთ ამაზე, გავაანალიზეთ მოწინააღმდეგეები და მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის, თუნდაც თავდაცვით დონეზე. ეს განსხვავებული სისტემაა იმისგან, რასაც შევეჩვიეთ, მაგრამ ძალიან გავიზარდეთ და ლუის ენრიკემ გვასწავლა, რომ სხვადასხვა სისტემაზე ვიმუშაოთ, რომელთა შემოთავაზებაც მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ. ამ სისტემის წინააღმდეგ ვითამაშეთ, შესაძლოა არა ისეთივე ხარისხის, როგორიც ლაუტარო და ტურამი არიან, მაგრამ გამოცდილება გვაქვს. ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და ვეცდებით, ჩვენი იარაღით ვითამაშოთ. ჩვენი ფილოსოფია გვაქვს, „ინტერს“ კი თავისი და ვეცდებით, ერთმანეთს ყველაფერი გავართულოთ“.
„ინტერი“, როგორც ყველაზე ძლიერი
„უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ვითამაშეთ, ყველაფერს გავუძელით. ამ მატჩისთვის მზად ვართ: ვიცით „ინტერის“ სიძლიერე, ვფიქრობ, მათ ასევე გააანალიზეს ჩვენი თვისებები და თამაში. ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა: გვინდა, ყველა დეტალზე ვიზრუნოთ, რათა 100%-ით მზად ვიყოთ. მთელი ძალებით ვითამაშებთ, რათა მოედანზე ყველა ჩვენი თვისება გამოვავლინოთ. გვინდა, რომ ეს თასი მოვიგოთ: ფინალში გასასვლელად კბილებითა და ფრჩხილებით ვიშრომეთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ თასი პარიზში მოვიტანოთ“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ოფიციალურად შეხვედრებში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ინტერთან“ ხუთჯერ ითამაშა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 0 გოლი და 0 საგოლე პასი.