ფეხბურთი

0:32 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემი მთავარი მოტივაცია პსჟ-ში ისტორიის შექმნაა"
"შეჩვეულები ვართ ფინალებში თამაშს, მზად ვართ და არ გვეშინია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ძალიან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა გუნდის მდგომარეობაზე, მომავალ ფინალზე, მეტოქეზე, პსჟ-სთვის თამაშის მნიშვნელობაზე.

ინგლისურების შემდეგ იტალიური მეტოქე

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მიჩვეულია ფინალებში თამაშს, ეს არის სიტუაციები, რომლებსაც შევეჩვიეთ და უკვე გამოვცადეთ. ფეხბურთის კულტურა უნივერსალურია, საქმე ეროვნებაში არ არის. ჩვენ დავამარცხეთ ფრანგული, ინგლისური კლუბები, ახლა „ინტერს“ ვეთამაშებით, რომელიც მაღალი დონის გუნდია“.

ბურთის ფლობა

„იდეაა ნებისმიერი ტიპის მატჩისთვის მომზადება. ეს ფინალია, ვემზადებით ბურთის ფლობისთვის და მატჩის მართვისთვის. ვიფიქრებთ იმ ასპექტებზე, რომლებშიც ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერები ვართ“.

ორი ფორვარდის წინააღმდეგ თამაში

„დიახ, იცვლება, განსაკუთრებით პრესინგში. „ინტერი“ კარგად ანაწილებს ბურთს, არ მინდა ჩვენი შეტევითი ფაზის შეცვლა, მაგრამ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც ყოველთვის“.

ჰარმონია პსჟ-ში

„ჰარმონია თავიდანვე არსებობდა, მაგრამ შესაძლოა, ადრე არ გინდოდათ მისი დანახვა... მე ისევ იგივე ადამიანი ვარ, რაც თავიდანვე. არაფერი შემიცვლია, მიხარია, რომ ახლა ამას ხედავთ. ყოველთვის ვცდილობდი პოზიტიური ვყოფილიყავი, ჩვენი ძლიერი მხარეები გამომეყენებინა“.

10 წლის შემდეგ ლუის ენრიკე ისევ ფინალში

„ამჯერადაც იტალიურ გუნდს ვეთამაშებით. ეს განსხვავებული სიტუაციებია. მშვიდი ვარ ჩემი სიმწიფის წყალობით. 10 წლით უფროსი ვარ, უფრო გამოცდილი. ვცდილობ, ეს ყველაფერი ჩემს ფეხბურთელებს გავუზიარო: მათ შეუძლიათ ისტორიის დაწერა, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ემოციების სიჭარბე არ იქნება. ვფიქრობ, რომ მზად ვართ და ვფიქრობ, რომ „ინტერიც“ ასე ფიქრობს საკუთარ თავზე“.

შიშის გარეშე

„თამაშის ინტერპრეტაციისა და წაკითხვის ორი გზა არსებობს. ფეხბურთში ყოველთვის რთულია მატჩის შედეგის პროგნოზირება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გამოცდილების ქონა, მაგრამ ეს მაინც ძალიან ფარდობითია. რაც გვაძლიერებს, ისაა, რომ ჩვენი გზა რთული იყო: იყო აღმავლობები და დაღმასვლები, მაგრამ ეს შეიძლება უპირატესობა იყოს. შეჩვეულები ვართ ფინალებში თამაშს, ვითამაშეთ ევროპის რამდენიმე საუკეთესო გუნდთან და ამ გზაზე ნამდვილი ფინალებიც ვითამაშეთ. მზად ვართ, არ გვეშინია“.

უსმან დემბელეს პროგრესში მისი წვლილი

„მან შესაძლოა, ოქროს ბურთი მოიგოს ეს მისი დამსახურება იქნება. შესანიშნავი გუნდი მყავს, მჯერა, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ზოგჯერ არის დისკუსიები, ზოგჯერ შეცდომებიც, მაგრამ ჩემი კარიერის განმავლობაში საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს მიღებული გადაწყვეტილებებით“.

როგორც „სიტი“, რომელმაც ლიგა პირველად „ინტერის“ ძლევით მოიგო

„არ ვიცი... იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ამ სეზონში რამდენიმე ინგლისურ გუნდთან ვითამაშეთ და რთული იყო, მაგრამ ამ მატჩებში ჩვენი ფეხბურთის გაუმჯობესება შევძელით. ვფიქრობ, მზად ვართ, ეს ჩვენი აზრია და ვნახოთ, რას იტყვის თამაში“.

„ინტერი“ ჩაკეტილი გუნდი

„ძალიან ადვილია თქმა: როდესაც გუნდი საკუთარ ნახევარზე იკეტება, პატარა სივრცე გაქვს, შესაბამისად, ყოველთვის რთულია. მაგრამ მიჩვეულები ვართ ამ ტიპის სირთულეების დაძლევას. პრობლემა ის არის, რომ „ინტერი“ არის გუნდი, რომელსაც ბევრი ინდივიდუალური მოთამაშე ჰყავს, მაღალი დონის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სწორედ ამიტომ თამაშობენ ისინი ფინალში, სწორედ ამიტომ ითამაშეს ორი წლის წინ. ეს არის პრობლემა. მაგრამ ასევე ვიცით, როგორ მოვერგოთ თამაშს“.

უსმან დემბელეს როლი

„უსმანი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, თუ არა საუკეთესო. ის არის ლიდერი, ადამიანი, რომელიც გუნდს თავისი მაგალითით წარმართავს. ძალიან სასიამოვნოა უსმანთან მუშაობა“.

ლუის ენრიკეს ყველაზე დიდი მიღწევა

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი მთავარი მოტივაცია პსჟ-სთან ერთად ისტორიის შექმნაა. ეს გამორჩეული კლუბია, დანარჩენი ჩემი გზის ნაწილია: თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ აქ ვარ და ამ მატჩში ვმონაწილეობ, ხვალ კი ყველაფერს და მეტს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ოფიციალურად შეხვედრებში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ინტერთან“ ხუთჯერ ითამაშა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 0 გოლი და 0 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16594