ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, კარიერაში პირველად. ქართველი ფეხბურთელის „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ფრანგულმა გამოცემა RMC Sport-მა ხვიჩას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, როემლიც ძალიან საინტერესოა და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სულ რამდენიმე კვირაში ორი ჩემპიონატის ტიტული: ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის ბოლოს თავისი მიღწევების სია გააფართოვა, პსჟ-სთან ლიგა 1-ის მოგების შემდეგ „ნაპოლის“ წყალობით იტალიის ჩემპიონი გახდა, სადაც სეზონის პირველი ნაწილი გაატარა. ამან მისი მადა უნდა გააღვივოს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისთვის. შაბათს, „ინტერის“ წინააღმდეგ ის მოედანზე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ 24 მაისს, „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის თასის ფინალი თავის ტკივილის გამო გამოტოვა. 17 იანვარს „ნაპოლიდან“ (70 მილიონ ევროდ) პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ძირითადად, კვარას მოწინააღმდეგეები იტანჯებიან. ოთხნახევარ თვეში ქართველმა ლუის ენრიკეს ჩამოყალიბებულ გუნდში შეუცვლელ რგოლად დაიმკვიდრა თავი. კილიან მბაპეს 7-ნომრიანი მაისური აიღო და საფრანგეთის დედაქალაქში ყველა დაიპყრო. მოედნის გარეთ ძალიან მორიდებულია, მაგრამ როდესაც ბუცებს იცვამს, ხშირად შეუჩერებელი ხდება.
ჩემპიონთა ლიგაზე უდავოდ სასტარტო მოთამაშე
თავისი თამაშის უნარით საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი (41 მატჩი, 18 გოლი), რომელმაც ევრო 2024-ზე მერვედფინალამდე მივიდა, მარტივად შეეწყო გუნდს. რამდენიმე კვირიანი ადაპტაციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც იტალიაში ერთთვიანი უთამაშებლობის გამო რიტმის პოვნა სჭირდებოდა, სწრაფად გახდა საიმედო და გადამწყვეტი მოთამაშე. პსჟ-ს ფორმაში შესვლა მისი ინტეგრაციის პერიოდს ემთხვევა. 2022-2023 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელმა თავისი უზარმაზარი ნიჭი წარმოაჩინა. ორივე ფეხით თანაბრად ზუსტი, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფეხს უფრო ხშირად იყენებს. ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის ბოლოს „მანჩესტერ სიტისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა, მაგრამ ევროპული თავგადასავალი 11 თებერვალს, პლეი-ოფში „ბრესტთან“ მატჩში (3:0) დაიწყო, როდესაც შეცვლაზე შევიდა. მას შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში მოედანზე იყო. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ფეხბურთელმა, რომელსაც დიეგო მარადონას გამო მეტსახელი, კვარადონა შეარქვეს, ყველა მატჩი ითამაშა, „ასტონ ვილასა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ ერთხელაც არ შეცვლილა, რაც ლუის ენრიკეს მხრიდან უდიდესი ნდობის დასტურია.
„ის აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჩვენი პროექტი მოიცავს“
ესპანელი მწვრთნელი სრულიად მოხიბლულია თავისი ქართველი საგანძურით: „მისი დამატება 2023 წლიდან, ჩემი გუნდში მოსვლის დღიდან გვინდოდა. ვერც მაშინ შევძელით და ვერც გასულ ზაფხულს. ეს მაშინ მოვახერხეთ, როცა გვეგონა, რომ შეუძლებელი იყო“, - თქვა ესპანელმა მწვრთნელმა „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ, რომელშიც კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
„ის ძალიან მრავალმხრივია, ჩვენი პროექტის ყველა ასპექტს აერთიანებს: ახალგაზრდობას, ბურთით და უბურთოდ ხარისხს. დიდ ძალისხმევას დებს თავდაცვით ფაზაში, ძალიან მაღალი დონის ფიზიკური მომზადებით. მას დიდი ამბიცია და გამოცდილება აქვს. მწვრთნელისთვის მშვენიერია ასეთი მოთამაშის ყოლა“, - ესეც ლუის ენრიკეს ძველი კომენტარია ხვიჩაზე.
RMC ჟურნალისტებმაც შეაქეს კვარაცხელია: „როგორც კი, პსჟ-ში მოვიდა, ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და ეს ბუნებრივია, რადგან ის უმაღლესი დონისაა“, - თქვა დანიელ რიოლომ.
„იანვრის შესანიშნავი შენაძენია, განსხვავებას ქმნის, ყოველთვის კარგია და ბრწყინვალე ფეხბურთელია. ეს ბიჭი მემარჯვენეა თუ მემარცხენე, ვერ გეტყვით!“, - აღნიშნა ემანუელ პეტიმ.
შთამბეჭდავი სტატისტიკა
ნახევარ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე მან 8 მატჩში 651 წუთი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა („ბრესტისა“ და „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ) და 2 საგოლე პასი გააკეთა („ბრესტისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ). საერთო ჯამში, პარიზელთა შემტევმა ამ ტურნირზე 15 საგოლე მომენტი შექმნა, ასევე, შეასრულა 14 დრიბლინგი და 248 პასი. თავისი უზარმაზარი ენერგიის წყალობით კვარას შეუძლია მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე ზეწოლა, სპრინტების გაკეთება. მან დაცვითი დუელების 45.7% მოიგო ნახევარფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ.
სეზონის ბოლოს „სტრასბურისა“ და „მონპელიეს“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დასვენებული კვარაცხელია „ბაიერნის“ სტადიონზე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად ემზადება. „ინტერისა“ და მისი კომპაქტური ბლოკის წინააღმდეგ, პსჟ-ს უდავოდ, მისი გენიალურობა დასჭირდება თავისუფალი სივრცეების საპოვნელად. „ბრესტთან“ პლეი-ოფის საპასუხო მატჩის (7:0) შემდეგ კვარას ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსზე ჰკითხეს: „ყველაფერი შესაძლებელია, ეს ჩვენი მიზანია. ჩვენი ოცნება გამარჯვებაა, ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად.
სამოთხე ახლა სულ რაღაც ერთი ნაბიჯითაა დაშორებული.