ფეხბურთი

2:56 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "სიგიჟეა იმის გააზრება, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე"
"ვამაყობ რომ ქართველი ვარ, ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში ბედნიერები არიან"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერთან“ გამარჯვებისა (5:0) და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ისაუბრა.

ის უბრალოდ ძალიან ბედნიერია და უჭირს დაჯერება, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„ემოციების აღწერა მიჭირს, გასაოცარი შეგრძნებაა, შოკში ვარ. არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ, თუმცა სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი ამ საოცარ კლუბთან და მწვრთნელთან ერთად შევძელი, ძალიან ამაყი ვარ. ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხშირად არსებობს რთული მომენტები, რომელიც უნდა გადალახო. ახლა ეს შევძელით, არ არის ადვილი ფინალში ინტერის 5:0 დამარცხება. მთავარია, რომ ოჯახივით ვართ, ვცდილობთ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ, შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის, ჩვენ უბრალოდ მოედანზე გადაგვაქვს მისი დავალებები.

სიგიჟეა იმის გააზრება, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ, ეს ოცნების ახდენაა, გიჟური ემოციებია, რომელსაც ვერ აღვწერ. ვფიქრობ, მთელმა გუნდმა ერთად შევძელით, წარმოუდგენელი გუნდი გვყავს, უბრალოდ მიხარია, რომ მეც მათ შორის ვარ. ნამდვილად მინდოდა აქ მოსვლა და ახლა ვხედავთ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ამ საოცარ ბიჭებთან.

ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში ძალიან ბედნიერები არიან“, - თქვა კვარაცხელიამ.

პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).

კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09285