„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ინტერთან“ გამარჯვებისა (5:0) და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამ ტიტულის მოგება იყო მისი მთავარი მიზანი პსჟ-ში მისვლის პირველივე დღიდან.
პსჟ, როგორც შედევრი
“არ ვიცი, შეიძლება თუ არა ასე ვუწოდოთ, მაგრამ მოედანზე კარგად შევედით. კარგად ვივარჯიშეთ და მოედანზე კარგი ბალანსი ვიპოვეთ, გამორჩეულები ვიყავით. საბოლოოდ ყველაფერი გავაკონტროლეთ“.
ტიტული, რომელიც აკლდათ
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც კი შესანიშნავი რამ არის, მაგალითად, „ინტერმა“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩემთვის ეს მთავარი მიზანი იყო მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, ეს იყო ერთადერთი თასი, რომელიც კლუბის მუზეუმს აკლდა. ამბიციურები ვიყავით და შესანიშნავია, როდესაც ხალხს ამდენ სიხარულს ანიჭებ. გულშემატკივრები მოედანზე მეთორმეტე მოთამაშეები იყვნენ, ნამდვილად ბედნიერები ვართ“.
პსჟ-ს ფანების ბანერი ლუის ენრიკეს შვილზე
„ძალიან ემოციური იყო, მშვენიერი იყო იმის დანახვა, რომ გულშემატკივრებმა ჩემი ოჯახი გაიხსენეს. ჩემს ქალიშვილზე ფიქრისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება არ მჭირდება, ის ყოველთვის ჩემთანაა და მის ყოფნას ვგრძნობ მაშინაც კი, როცა ვმარცხდებით. ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ, ყველაზე ნეგატიური მომენტებიც კი გადავლახეთ“.
„ინტერის“ კარგი ჟესტი
„ამ ტიტულის მოგება გვახსენებს, რომ ფეხბურთში ხან იგებ და ხან აგებ. ვნახე, რა გააკეთა „ინტერმა“, მათ შტაბთან და ფეხბურთელებთან ერთად. მათ გვიყურეს, როგორ ავწიეთ თასი, თუნდაც მტკივნეული ყოფილიყო. ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და ჩვენს ფეხბურთელებს“.
წინ მსოფლიოს ჩემპიონატია
„მსოფლიოს უძლიერესი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, ეს წარმოუდგენელი ტურნირი იქნება და გვინდა, რომ მაღალ ნოტაზე დავასრულოთ. ეს ტორტზე ალუბალი იქნებოდა“.
თამაში და დემბელე
„მეორე გოლმა თამაში შეცვალა, შემდეგ კი, ვაჩვენეთ ის დონე, რომელსაც მთელი გუნდის მასშტაბით ვინარჩუნებთ. „ოქროს ბურთს“ დემბელეს მივცემდი, მაგრამ იმის გამო, თუ როგორ დაიცვა თავი დღეს: ის ამას იმსახურებს არა მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ ითამაშა შეტევის ფაზაში, არამედ იმის გამო, თუ როგორ თამაშობდა პრესინგზე“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან მოიგო - ახლა და 2015 წელს "ბარსელონაში".
პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.