ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დეზირე დუე დაასახელეს, რომელმაც „ინტერთან“ (5:0) დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
19 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რაც დღეს საღამოს მოხდა, ეს ჯადოსნური იყო. კლუბის და ფრანგული ფეხბურთის ისტორია დავწერეთ, ბედნიერი ვარ. ეს კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, გუნდურად ვითამაშეთ.
შესანიშნავი სეზონი გვქონდა, შესანიშნავი გუნდი და კოლექტივი ვართ. დღეს ეს დავამტკიცეთ, არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ, გავაგრძელებთ შრომას. შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, შესანიშნავი პერსონალი და ყოველთვის ვეცდებით ერთად გაუმჯობესებას.
ამ თასის მოგება ჩემი ოცნება იყო, ძალიან ამბიციური გუნდი ვართ და ამას ვამტკიცებთ. წელს შევძელით თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება, ეს ფანტასტიკური გრძნობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა გულშემატკივარს, აქ და პარიზში: ქუჩებში ვხედავ, რომ ამდენი სიხარულია“, - თქვა დუემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.