ფრანგული მედია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. „ინტერთან“ პსჟ-მ 5:0 მოიგო და ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული. კვარამაც მოედანი უგოლოდ არ დატოვა და პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ფრანგულმა გამოცემებმაც კვარას თამაში ძალიან მაღალი ქულები შეაფასეს:
Foot Mercato 8.5 ქულა: „ქართველი, რომელმაც თავის ტკივილის გამო გამოტოვა საფრანგეთის თასის ფინალი, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. როგორც ყოველთვის, ის ძალიან აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე. მეორე ტაიმში მან ისარგებლა თავისუფალი სივრცეებით, რათა მოწინააღმდეგე გუნდისთვის პრობლემები შეექმნა. მან მაინც გაუშვა ხელიდან ორი შესანიშნავი შანსი, რომლებსაც შეეძლოთ მისი გუნდისთვის გამარჯვების გარანტირება (47-ე, 50-ე წუთები). თუმცა, მან ეს გამოისყიდა და ანგარიში 4:0 გახადა. დაცვაში ის წარმოუდგენლად აქტიური იყო. ქუდი მოვიხადოთ“.
Soo Foot: “მისი მხრიდან ძალიან ძლიერი თამაში იყო, რითაც ამ სეზონში „ინტერის“ ოცნებები ორი სხვადასხვა გუნდით დაამსხვრია.
Culturepsg 8 ქულა: „საშუალო დონის სტარტი ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავი მეორე ტაიმი გოლით დააგვირგვინა“.
Eurosport 8 ქულა: “მატჩის დასაწყისში ყველაზე ფრთხილი თავდამსხმელი იყო, მაგრამ ქართველმა შეინარჩუნა სიმშვიდე და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ ფინალზე. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (მე-17, მე-45, მე-46, მე-49 წუთებზე), მაინც შეძლო ბურთის კარში გაგზავნა მას შემდეგ, რაც დემბელემ იდეალური პასი გაუკეთა. ამ გოლმა ასევე დააჯილდოვა მატჩში, სადაც მისი თავდაცვითი ოსტატობა აშკარა იყო, რაც ნათლად ჩანს, დაბრუნებულ ბურთებში“.
RMC Sport: „რთული პირველი ტაიმი ჩაატარა, შემდეგ კი თავი გაათავისუფლა. დაცვაში ფასდაუდებელი იყო. კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი. ჩვეული სიმტკიცე გამოიჩინა“.
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).
კვარაცხელიას კარიერაში იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.
ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.
პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.
პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.