მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:5) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, იტალიური ფეხბურთი სამოთხეში აღარაა და კარგი ფეხბურთელებისთვის ის მხოლოდ გარდამავალი, შუა ნაბიჯის ჩემპიონატია:
„ნეგატიური საღამოა, მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა. თუმცა, ამან სეზონზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვწუხვართ ამ თამაშის გამო და მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც აქ იყვნენ.
ძალიან რთული იყო ფინალამდე მოსვლა, დამსახურებულად მივაღწიეთ წარმატებას და ისეთი მეტოქეები დავამარცხეთ, როგორებიც „ბაიერნი“ და „ბარსელონაა“. მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს, სეზონმა აჩვენა, თუ როგორ იმსახურებდა ეს გუნდი ამ ეტაპზე ყოფნას. პატივი და აღიარება მეტოქეს.
ეს მატჩი ინძაგიზე ჩვენს შეფასებას არ შეცვლის. ვთქვით, რომ ინძაგის მომდევნო კვირაში შევხვდებოდით, კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი და ამ 4 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ის თავის როლს შეესაბამება, დიდი დამსახურება აქვს და პროფესიონალია. ნეგატიური საღამო არ შლის მის დამსახურებას. შევხვდებით და ვისაუბრებთ, მაგრამ ეს მატჩი არაფერ შუაშია.
იტალიური ფეხბურთი სამოთხე აღარ არის. ჩვენი ჩემპიონატი გარდამავალი ლიგაა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც აქ მოდიან და შემდეგ გარბიან. ისეთი კლუბები, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“, შეუზღუდავი ბიუჯეტით არიან, მაგრამ ეს ალიბი არ უნდა იყოს. „დამზადებულია იტალიაში“ არის პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა მიზნის მიღწევა შეუძლია. მწვრთნელებისა და ღირებული მოთამაშეების კომპეტენციის წყალობით შეგვიძლია ისევ წამყვან პოზიციებზე ვიყოთ“, - თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში „ინტერი“ პირველი გუნდია, რომელმაც ფინალი ხუთბურთიანი სხვაობით წააგო.