„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ იტალიურ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა.
მან ისაუბრა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფზე, ასევე „ნაპოლის“ სკუდეტოზე და თქვა, რომ ის ჩემპიონობა მისიცაა:
„ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა ამის, ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე, იმით, რაც გვაქვს და რაც გავაკეთე. ასე უნდა გავაგრძელო, სხვა ოცნებებიც არის ასასრულებელი, ზოგიერთი მათგანი ახდა და ეს ძალიან მახარებს. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაღალი დონის შეჯიბრია, ძლიერად უნდა ითამაშო და არ აქვს მნიშვნელობა 4:0 იქნება თუ 0:0, ყოველთვის გაქვს სამუშაო. დღეს გამარჯვების მოპოვება მახარებს, თუ ბოლომდე არ იბრძოლებ, ვერ გაიმარჯვებ.
„ნაპოლის“ სკუდეტოს ნამდვილად ჩემად მივიჩნევ, რადგან „ნაპოლიში“ ვიყავი და იქ 17 თამაში ვითამაშე, ვამაყობ, რომ მათ დავეხმარე. ისინი მართლაც წარმოუდგენლები იყვნენ, ვუყურებდი მათ თამაშებს და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მოგებას იმსახურებდნენ. ვამაყობ და მიხარია, რომ ნეაპოლიტანელებმა გამარჯვება იზეიმეს“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).
კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.
ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.
პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.