„კრემონეზე“ სერია B-დან სერია A-ში აღზევდა. პლეი-ოფის ფინალის საპასუხო მატჩი კრემონელებმა სტუმრად „სპეციასთან“ 3:2 მოიგეს.
ამ გუნდების პირველი თამაში კრემონაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო ლა სპეციაში „კრემონეზე“ 84-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა. ბოლო წუთებში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და სიტუაცია დაძაბეს, მაგრამ ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს.
„კრემონეზე“ ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სერია A-ს. მოგეხსენებათ, ამ კლუბის საკუთრებაშია ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა.
ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი აკავშირებს და ზაფხულში გუნდს დაუბრუნდება, მაგრამ დარჩება თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.