„ლევანტემ“ სეზონის ბოლო მატჩში „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა. ვალენსიელებს ლა ლიგის საგზური განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ამ მოგებით პირველი ადგილი და ლა ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა 85-ე წუთიდან ითამაშა, მას ტრავმა აწუხებს, მაგრამ „სიუდად ვალენსიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა და ფანებს დაემშვიდობა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს სიტყვით მიმართა და დაემშვიდობა:
"მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ლევანტეს მწვრთნელებს და ყველა თანამშრომელს, მადლობა ჩემს გუნდელებს, რომლებსაც ვარჯიშებზე ჩემი ვარდნების გაძლება უწევდათ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, თქვენს გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც აქ მოვედი 19 წლის ბიჭი ვიყავი, ახლა კი ლევანტეს კაცი ვტოვებ. ეს დამშვიდობება არაა, რადგან ჩვენ კიდევ შევხვდებით." - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი შემდეგი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება. გიორგიმ „ლევანტეს“ აღზევებაში წვლილი 35 მატჩში 6 გოლით და 4 საგოლე პასით შეიტანა. ქოჩორაშვილი 2019 წლიდან იყო „ლევანტეში“, მთავარ გუნდში დებიუტი 2020-2021 წლების სეზონში ჰქონდა, თანაც ლა ლიგაში, „ბილბაოს“ წინააღმდეგ. ბოლო ორ სეზონში გუნდის ლიდერად იქცა.