რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სარიმ მარკო ბარონი შეცვალა, რომელმაც გუნდში ერთი სეზონი იმუშავა და გაათავისუფლეს. „ლაციომ“ სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ევროზონაში ვერ მოხვდა, ხოლო ევროპა ლიგას მეოთხედფინალში „ბოდო გლიმტთან“ პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა, ეს შედეგები კი, ბარონის დათხოვნის მიზეზი გახდა.
სარიმ „ლაციოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. სეზონში მისი ხელფასი 2.8 მილიონი ევრო იქნება.
მაურიციო სარი ბოლოს სწორედ „ლაციოში“ მუშაობდა, რომელსაც 2021-2024 წლებში ედგა სათავეში. ასე რომ, „ბიანკოჩელესტეს“ დაუბრუნდა. გამოცდილ სპეციალისტს არაერთ გუნდში აქვს ნამუშევარი, საიდანაც გამოსარჩევია „ნაპოლი“, „ჩელსი“ და „იუვენტუსი“.