საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო ალთუნაშვილმა მიმდინარე შეკრებასა და მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.
"ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს.
დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან", - თქვა ალთუნაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.