„მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი „ალ-ჰილალში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, კლუბები უკვე შეთანხმდნენ, „მილანი“ 35 მილიონ ევროს მიიღებს, რაც სოლიდური თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ ტეოს „როსონერისთან“ კონტრაქტი გაისად ეწურება, ხოლო განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ახლა, საბოლოო სიტყვა 27 წლის ფრანგ მცველზეა. ტეოს გარდა, „ალ-ჰილალი“ ახლოსაა ვიქტორ ოსიმენის შეძენასთან. არაბული მედიის ცნობით, მასთან სამწლიან კონტრაქტზეა შეთანხმება მიღწეული.
ეს ყველაფერი არაა - „ალ-ჰილალი“ ახლოსაა მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგის დანიშვნასთანაც.
შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.