მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სიმონე ინძაგიმ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელი სპეციალისტი კარიერას „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს, საიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, ხოლო სეზონში 25 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ინძაგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
სიმონეს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჩემპიონთა ლიგის ფინალმაც იქონია, რომელიც „ინტერმა“ პსჟ-სთან 0:5 წააგო.
სიმონე ინძაგი „ინტერში“ 2021 წლიდან მუშაობდა, გუნდს 6 ტიტული მოაგებინა: ერთხელ სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ორჯერვე მარცხი განიცადა.
„ინტერს“ ინძაგის შემცვლელის სწრაფად მოძებნა მოუწევს, რადგან 11 ივნისს, ამერიკაში მიფრინავს მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ. მილანელთა პირველი არჩევანი სესკ ფაბრეგასია, რომელსაც „კომოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს, ხოლო ესპანელის ალტერნატივად რობერტო დე ძერბი სახელდება, რომელიც ასევე დასაქმებულია - „მარსელში“.