საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფარერებთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა, როგორც მეტოქეზე, ისე გუნდში არსებულ გარემოზე, ახალ ფეხბურთელებზე და გიორგი ლორიაზე:
„ფარერები დაბალი დაცვით თამაშობს, ძალიან რთული გუნდია, რომელთანაც ჩეხეთსა და სომხეთს პრობლემები შეექმნა, დისციპლინირებული გუნდია, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ძალიან მარტივი თამაში გველის, თორემ ამაზე პასუხს აუცილებლად ვაგებთ. 100%-ით უნდა მოემზადოს ყველაფერი ფეხბურთელი.
ყველას გვქონდა სწორი მოლოდინი, რომ ყველა კარგად უნდა ყოფილიყო ამ მატჩებისთვის მომზადებული, გვინდა ახალ ფეხბურთელებს მივცეთ შანსი და განსაკუთრებულ ტაქტიკურ ექსპერიმენტებს ვერ ვნახავთ. ფეხბურთელებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ისინი აქ არიან ახალი გამოწვევებისთვის, კონკურენციის გაზრდისთვის და თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინონ. ჩემი მოლოდინი ისაა, რომ ყველასგან მაქსიმუმს ველოდები.
ჯერჯერობით, სექტემბრის მატჩებზე საუბარია ადრეა, რადგან მხოლოდ ივნისია. ძალიან ბევრი ფეხბურთელია 21-წლამდე ნაკრებში, რომელთაც განვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე არ მეხება, ეხება მათ, უფრო მეტი უნდა მოანდომონ, რომ შეაღონ ის კარი, რომელიც მათთვის ღიაა. დიდი ხანია ვიმეორებ, რომ ნაკრებში ახალი სახეებისთვის მოხვედრა შეუძლიათ.
რაც შეეხება ახალ სახეებს, დავით კერესელიძეს ძალიან ძლიერი და კარგი ხასიათი აქვს, გუგეშაშვილისგან ძალიან განსხვავებულია, რადგან ლუკა ცოტა უფრო ემოციური და ბრაზიანია, რაც მეკარეებში კარგ ტონადაა მიჩნეული. მამარდაშვილი შედარებით უფრო მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა. გაგუას რაც შეეხება, ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს, რადგან ესპანეთში უთამაშებლობის გამო კარიერის 2-3 წელი დაკარგა, ახლა ფორმას იბრუნებს ხორვატიაში და მეტად უნდა დავაკვირდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი შთაბეჭდილება ჩემზე გაგნიძემ დატოვა, რადგან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს წარმატების მისაღწევად. არ ვიცი, მიაღწევს წარმატებას თუ არა, მაგრამ ამის პოტენციალი აქვს, რადგან ყველაფერი გააზრებული და კარგად დაგეგმილი აქვს.
საბა ხარებაშვილი რთულად დასახასიათებელი მოთამაშეა, რადგან მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ როცა მას ელაპარაკები, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრად უფრო დიდია. ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან ბევრი აქვს სასწავლი. თუმცა, 23-კაციან განაცხადში ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას აქვს, არასდროს მაქვს წინასწარ განსაზღვრული გეგმა ვინ უნდა ითამაშოს და ვინ დაისვენოს. მან უნდა აჩვენოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვარჯიშებზე და ამის მიხედვით გადაწყდება მიეცემა თუ არა, სათამაშო დრო.
კვარაცხელიას მიმართ ყველას ჰქონდა ასეთი მოლოდინი: როცა გუნდს ჰყავს ძლიერი წინამძღოლი, უფრო დიდხანს და კარგად შეუძლია წინ სიარულია, შესაბამისად, ხვიჩაც ასეა ჩვენთვის, შეუძლია ლიდერის თვისებების აღება მოედანზე და მოედანს მიღმა, შეუძლია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჩვენოს მაგალითი, როგორ უნდა იშრომონ, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში უფრო მეტი სკაუტი ჩამოდის და უფრო მეტ ფეხბურთელს აკვირდებიან. ის საქართველოსთვის ძალია კარგი ელჩი გამოდგა
საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობა შვედეთთან მატჩით დაიწყო, სასტუმროსთან ტბა იყო, სადაც სეირნობისას ფეხბურთელებთან საუბარი გადავწყვიტე, ლორია პირველი იყო, ვისაც გავესაუბრე და ჩემი პირველი შთაბეჭდილება მასზე ძალიან კარგი იყო“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.