გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ფარერებთან ამხანაგური მატჩის წინ ეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგის გამოსვლა მედიის წინაშე ძალიან ემოციური იყო:
„17 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და თამაში, როგორც რთული, ასევე ძალიან საამაყოა. 5 ივნისს ჩავატარებ ჩემს ბოლო თამაშს საქართველოს ნაკრებში. ეს არის გზა, რომელიც სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით გავიარე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდზე იდგა ამ წლების განმავლობაში, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, მწვრთნელებს აბსოლუტურად ყველას, ჩემს თანაგუნდელებს. აქ „იაშკა“ არის, რომელთან ერთად მითამაშია, ექიმებს, სტაფის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რადგან მათი დიდი დამსახურებაცაა, ისინი ქმნიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ, ეს ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობდა. ყველაზე მეტად რაც შეიძლება გამოვყო, ესპანეთთან 55 000 ადამიანი, როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს, მინდოდა, ეს ყოველთვის განმეორებულიყო.
ყველაზე განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს არ არიან ჩემთან ერთად. სამაგიეროდ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ, თავგანწირვით, რწმენით და ლოცვაში გაატარეს ჩემ საფეხბურთო კარიერასთან ერთად. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არასდროს ყოფილა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ოცნება და ბავშვობის პასუხი იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. მადლობა საქართველოს, ვამთავრებ ნაკრებში კარიერას სუფთა გულით, მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტენა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად და კვლავ დავრჩები ქართულ ფეხბურთში, რადგან მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობებს და ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდგები, კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს“, - თქვა ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში პირველად 2008 წელს, ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ მან 78-ჯერ დაიცვა ნაკრების კარი, რაც მეკარეებში რეკორდია საქართველოს ნაკრებში. გიორგისთვის ბოლო სანაკრებო შეხვედრა 5 ივნისს, ფარერებთან იქნება.