იტალიური "კომოს" მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა "ინტერში" მისი შესაძლო დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ესპანელის თქმით, მას ისეთი კლუბის გაწვრთნა არ სურს, რომელსაც ერთი-ორწლიანი პროექტი აქვს, შემდეგ კი ყველაფერი სრულდება.
„არ მინდა, ჩემი კარიერა გავაგრძელო კლუბში, სადაც ერთი-ორწლიანი პროექტია და შემდეგ ყველაფერი დასრულდება. ძალიან მჯერა „კომოს“ გრძელვადიანი პროექტის“, - თქვა ფაბრეგასმა.
ფაბრეგასს რომ "ინტერში" არ უშვებს, ეს დაადასტურა "კომოს" პრეზიდენტმა მირვან სუვარსომაც: „ჩვენი გზა გრძელია, რამდენიმე სეზონზეა ჩვენი პროექტი გათვლილი და ის ფაბრეგასს უკავშირდება, რომელიც „კომოს“ არ დატოვებს“.
ცნობისთვის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სიმონე ინძაგიმ დატოვა, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "ნერაძური" ინძაგის შემცვლელად სწორედ ფაბრეგასს განიხილავდა.
38 წლის ფაბრეგასი "კომოში" 2024 წლის ზაფხულიდან მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებს.