საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ფარერებთან მატჩის წინ ფეხბურთელებს მიმართა და მათ წინაშე გიორგი ლორიას, რომელიც ნაკრებში ბოლო მატჩს გამართავს, მადლობა გადაუხადა.
„ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო ლორი, თუ რას ნიშნავს ითამაშო, გეცვას, შენი ქვეყნის მაისური, პატივი სცე და ყველაფერი გააკეთო შენი ნაკრების წარმატებისთვის. ლორის ძალიან დიდი როლია ამ წარმატებაში, ჩვენი ნაკრების განვითარებაში. ძალიან მიხარია, რომ პირველი ფეხბურთელია, ვისაც მოედნიდან გააცილებენ, ნაკრების თამაშიდან აქვს საშუალება, რომ დაემშვიდობოს გულშემატკივარს.
ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალინდელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიჭებო, იმიტომ, რომ ლორი იმსახურებს გამარჯვებული დატოვოს მოედანი. კიდევ ერთხელ, ჩემი, ნაკრებისა და მთელი ფედერაციის სახელით მადლობას გიხდი, რაც გააკეთე მთელი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად“, - თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში პირველად 2008 წელს, ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ მან 78-ჯერ დაიცვა ნაკრების კარი, რაც მეკარეებში რეკორდია საქართველოს ნაკრებში. გიორგისთვის ბოლო სანაკრებო შეხვედრა 5 ივნისს, ფარერებთან იქნება.