ფარერების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეიკუნ კლაკსტეინმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ეს ტესტ-მატჩი მათთვის დიდი გამოწვევა იქნება:
„ხვალინდელ მატჩში შანსი ახალგაზრდებსაც მიეცემათ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან განვითარებისთვის გამოწვევაა. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, ძლიერი და სუსტი მხარეები, კარგ მატჩს ველოდებით. ვინაიდან, გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბია, სტილის ძიებაში ვართ, აქამდე, ჩვენი სტილი კომპაქტურად დაცვას ეფუძნებოდა, მაგრამ ვეცდებით, შეტევაშიც აგრესიულად ვითამაშოთ.
საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, შეტევაში განსაკუთრებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უძლიერესი შემადგენლობით არ იქნება, მაინც სახიფათოა. ვიცით, საქართველომ როგორ ითამაშა ბოლო მატჩები, დაბალანსებული გუნდია.
საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ქოჩორაშვილს და მამარდაშვილს გამოვარჩევ, ბევრი ძლიერი ინდივიდუალისტი ჰყავს, მაგრამ სათამაშო ბალანსი არ ირღვევა. ცუდია, რომ საუკეთესო შემადგენლობის წინააღმდეგ თამაში არ მოგვიწევს, რადგან ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა“, - თქვა კლაკსტეინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.