საქართველოს ნაკრებმა თბილისში, ფარერების ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ძალიან გადახალისებული და ექსპერიმენტული შემადგენლობით, რომელშიც გამარჯვება მოახერხა.
ვილი სანიოლის გუნდის თამაში უნაკლო და ხარისხიანი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან როგორც ვთქვით, ბევრი ახალი ფეხბურთელი იყო მოედანზე, მეტიც, ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა.
ანგარიში სწრაფად გაიხსნა: გიორგი გულიაშვილის კუთხურის შემდეგ სტუმართა მეკარე შეცდა, რითაც ლუკა ლოჩოშვილმა ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს ლუკასთვის მეორე გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მეტ-ნაკლებად საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს. უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
სამაგიეროდ, გიორგი ლორიაც არ იყო უსაქმოდ, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა. 39 წლის მეკარემ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა, კარიც მშრალად შეინახა და ძალიან მაღალ დონეზეც ითამაშა, რამდენჯერმე ეფექტური სეივით მოიგერია სტუმართა დარტყმები.
92-ე წუთზე გიორგი ლორია შეცვალეს, სტადიონისგან დამსახურებული ტაში მიიღო და 17-წლიანი სანაკრებო კარიერა 79 მატჩით დაასრულა. გიორგის ნაცვლად თამაში დავით კერესელიძე ჩაერთო, მისთვის ეს სადებიუტო მატჩი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა საბა ხარებაშვილსაც, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე უთამაშია საქართველოს ნაკრების მაისურით - მხოლოდ 16 წლის, 9 თვის და 2 დღის. "დინამოს" მცველმა ლევან ყენიას შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც დებიუტი 16 წლის, 10 თვისა და 21 დღის ასაკში ჰქონდა.
საბოლოოდ, ლუკა ლოჩოშვილის გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა - სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
საქართველოს ნაკრები 8 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო - ფარერები 1:0 (1:0)
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო (4-4-2): ლორია; გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი (ხარებაშვილი 80); შენგელია (ბერიძე (64), გაგნიძე, მექვაბიშვილი (ნონიკაშვილი 80), ლობჟანიძე; გულიაშვილი (მამუჩაშვილი 64), ქვილითაია (ვოლკოვი 64)
გოლი: 1:0 ლოჩოშვილი (9)