ფეხბურთი

23:44 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "ის დაფასება, რასაც ვგრძნობდი და დღესაც ვიგრძენი, ფასდაუდებელია"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ, რომელიც მან ფარერებთან (1:0) ჩაატარა, კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, ის ოვაციები, რაც გულშემატკივრისგან იგრძნო, ფასდაუდებელია:

„ძალიან რთულია ემოციების გადმოცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაყი ვარ, რომ მომიწია ამ წლებში საქართველოს ნაკრებში თამაში. როგორც ბოლო დროს გავიგე, ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის სტიმული ვიყავი და ეს არის ალბათ, ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. ის დაფასება, რასაც ვგრძნობდი და დღეს ვიგრძენი, ფასდაუდებელია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ამაზე მეტი არ შეიძლება, ეს არის ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო.

ყველა, ვისაც დებიუტი ჰქონდა, იმსახურებს ამ შანსს. კარგია, რომ მოვიგეთ. ყველა ქართველისთვის ნაკრების კარი ღიაა, მთავარია, მონდომება. იყო დრო, როცა ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ არ გავჩერდი, ჩემი მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის დამსახურებით, მეუბნებოდა, რომ მოვა დრო, როცა ნახავ, რა შეგიძლიაო და ყველაფერს ხალხი დაინახავსო“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2008 წელს ესტონეთთან ჰქონდა და მას შემდეგ 79 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მაისურით მეკარეებს შორის მასზე მეტჯერ არავის უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091871