საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ საბა ხარებაშვილმა კომენტარი გააკეთა. ფარერებთან მატჩის (1:0) შემდეგ თქვა, რომ ამაზე მაგარი ემოცია ალბათ, კარიერაში აღარ ექნება:
„მთელი ბავშვობა, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ამ მომენტზე ვოცნებობდი და როცა მოედანზე შევედი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქამდე გვერდში მედგა. სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო და მადლობა გულშემატკივარს. ამაზე მაგარი ემოცია ალბათ ჩემს კარიერაში არ მექნება, რადგან როცა ნაკრებში დებიუტი გაქვს, წარმოუდგენელი შეგრძნებაა.
ლორია ქართული ფეხბურთის ლეგენდაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან, გველესიანთან ერთად თამაში მომიწია, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ლორიას წარმატებას ვუსურვებ, მას ეროვნული ნაკრებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მადლობა, რომ ასეთი კარგი პიროვნებაა და მისგან ყოველთვის მაგალითს ვიღებდი, მათ შორის, „დინამოშიც“, სადაც ცოტა ხანი მასთან ერთად ვითამაშე.
ეს არაფერია, უნდა გავაგრძელო შრომა, უნდა დავიმკვიდრო ნაკრებში თავი. ყოველთვის ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და კიდევ მოვხვდე ნაკრებში“, - თქვა ხარებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილი 16 წლისა და 9 თვის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრებში ითამაშა. მან ლევან ყენიას შედეგი გააუმჯობესა.