საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ფარერებთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.
„ჩემთვის ეს თამაში ძალიან ემოციური იყო: ერთი მხრივ, „დინამო არენაზე“ ბოლოს 8 წლის წინ ვითამაშე, მეორე მხრივ, ჩემ მეგობარ, გიორგი ლორიას ბოლო სანაკრებო თამაში ჰქონდა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, როგორ გაიარა ეს გზა, მახსოვს, როგორ დადიოდა მამამისი ყველა ვარჯიშზე, მახსოვს, რა რთული გზა გაიარა... ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ და მომეცა საშუალება მასთან ერთად ბოლო თამაში ჩამეტარებინა და მინდა წარმატებები ვუსურვო.
ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში, ასეთი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიზნისთვის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პრაქტიკულად მეც დებიუტანტი ვარ, ერთი წლის წინ მქონდა დებიუტი, თუმცა ჩემგან განსხვავებით მათ მთელი კარიერა წინ აქვთ, აქვთ გარკვეული შეცდომების დაშვების უფლებაც და მომავალში კიდევ მიეცემათ შანსი. ვფიქრობ, ძალიან კარგი თაობა გვეზრდება, მომავალი მათ ხელშია, მინდა, ყველა მათგანს მივულოცო ნაკრებში დებიუტი, განსაკუთრებით, 16 წლის საბა ხარებაშვილს, რადგან მასზე ორჯერ დიდი ვარ, რომ დავფიქრდი, მე რომ ამ სტადიონზე პირველად ვითამაშე, ის ძალიან პატარა იქნებოდა, რადგან აქ 17 წლის ვიყავი, რომ ვითამაშე, ახლა კი, მან უკვე ნაკრებში ითამაშა, ეს ძალიან საამაყოა და მისია მომავალი“, - თქვა გველესიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდესთან გამართავს.