"ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუმინელი კრისტიან კივუ იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეტანხმება მიღწეულია და კივუ "ინტერთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. 44 წლის რუმინელი სპეციალისტი გასულ სეზონში "პარმას" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე ჰქონდა, თუმცა "ნერაძურიმ" მისი კონტრაქტი გამოისყიდა. იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან კივუ საფეხბურთო კარიერის დროს "ინტერში" 2007-2014 წლებში თამაშობდა და სამწვრთნელო კარიერაც სწორედ მილანური კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყო, რის შემდეგაც იყო "პარმა", რომელიც 2024-2025 წლების სეზონში სერია A-ს გათამაშება მე-16 ადგილზე დაასრულა.
ცნობისთვის, კივუ ამ პოსტზე სიმონე ინძაგის ჩაანაცვლებს, იტალიელმა მწვრთნელმა „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.