იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენასთან არც ისე შორსაა.
მართალია, იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ უშუალო კონკურენტ ნორვეგიასთან და 0:3 განადგურდა! პირველივე ტაიმში ალექსანდერ სორლოთმა, ანტონიო ნუსამ და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს და ლუჩანო სპალეტის იტალია უსუსურად თამაშობდა. იტალიელებმა კარში ერთადერთხელ და პირველად 92-ე წუთზე დაარტყეს, კატასტროფაა...
რატომ არის ეს მარცხი იტალიისთვის პირველი ადგილის პრაქტიკულად დაკარგვის ტოლფასი? იტალიას ერთ მატჩში ქულა არ აქვს და მთელი შესარჩევი ეტაპი წინ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ნორვეგიას სამ მატჩში უკვე 9 ქულა აქვს! პლუს ამას, ურთიერთშეხვედრაში ნორვეგიამ იტალიას სამი ბურთის სხვაობით აჯობა. ახლა იტალიამ ჯგუფში ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, მათ შორის, ცხადია, შინ ნორვეგიასთან, მაგრამ პარალელურად უნდა დაელოდოს, რომ ნორვეგია სადმე ქულებს დაკარგავს. სწორედ ეს ართულებს სიტუაციას, რადგან ჯგუფში ისეთი სუსტი ნაკრებები არიან, როგორებიც ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვაა. შესაბამისად, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ნორვეგიამ გზაში ქულები დაკარგოს, მაქსიმუმ, ისევ იტალიასთან, სადაც სამი ბურთით არ უნდა დამარცხდეს.
ასე რომ, იტალიას დიდი ალბათობით, ჯგუფში მეორე ადგილის იმედი თუ ექნება, რაც პლეი-ოფის საგზურია. პლეი-ოფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ბარიერის გადალახვაა საჭირო. ასე რომ, „სკუადრა აძურა“ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლოს იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წელს იყო, თაობები გაიზარდა ისე, რომ ეს ნაკრები მუნდიალზე არ უნახავთ.
სხვა ჯგუფებს რაც შეეხება: L ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა 2:0 აჯობა მონტენეგროს და 9 ქულით ლიდერია, ხოლო ხორვატიამ წარმატებით დაიწყო შესარჩევი ციკლი, გიბრალტარი სტუმრად 8:0 გაანადგურა. ამ ჯგუფში მონტენეგროს 6 ქულა აქვს.
ბელგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო, რუდი გარსიას გუნდმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ მოიგო. იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 1:1. უელსმა ადვილად აჯობა ლიხტანშტაინს და 3:0 მოუგო. შედეგად, მოლდოვა 7 ქულით ლიდერია, ჩრდილოეთ მაკედონიას 5 ქულა აქვს, ხოლო ბელგიას 1, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.