ვიქტორ ოსიმენი „ალ-ჰილალის“ შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ნიგერიელი ფეხბურთელის დაყოლიება არაბებმა მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვიქტორი სხვა აზრზე იყო. ოსიმენის ხელფასი "ალ-ჰილალში" სეზონში 30 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, ჯერჯერობით, კლუბები ვერ თანხმდებიან.
„ალ-ჰილალმა“ „ნაპოლის“ ბონუსების ჩათვლით 70 მილიონი ევრო შესთავაზა, იტალიელთა მოთხოვნა კი, გამოსასყიდი პუნქტის დაფარვაა, რაც 75 მილიონს შეადგენს. ასე რომ, საუბარი 5 მილიონ ევროზეა, ამიტომაც, დიდი შანსია, რომ გარიგება შედგეს. მით უფრო, რომ „ნაპოლის“ ოსიმენის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით ითამაშა, სადაც 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ნიგერიელს „ნაპოლიში“ საუკეთესო სეზონი 2022-2023 წლებში ჰქონდა, როცა სერია A-ს ჩემპიონი და 26 გოლით ბომბარდირი გახდა.