საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩის წინ წინ პრესკონფერენცია გამართა.
„კაბო-ვერდეს სახით განსხვავებული და ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხუთშაბათს იყო. ფეხბურთელებმა იციან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. საქართველოში ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, მოედანზე მოსაგებად გავალთ.
შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა გეგმა განსხვავებული იყოს იმისგან, რაც შეკრების დაწყებამდე მქონდა. რამდენიმე ფეხბურთელმა ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მინდა დავრწმუნდე, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ასევე, სხვა ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიჩინონ თავი. ყოველთვის, როდესაც ამხანაგური თამაშები გვაქვს, მსურს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცე მოთამაშეებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმაღლეს სანაკრებო დონეზე ყველა თამაშის შედეგი მნიშვნელოვანია.
ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს. თბილისის გარდა ვიყავით გორში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში ვართ. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია ქართული ფეხბურთისთვის“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი დღის წინ ფარერებთან სპარინგი 1:0 მოიგო, ხოლო კაბო-ვერდეს 8 ივნისს, ქუთაისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.