კაბო-ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პედრო ბრიტომ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მინდა, ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, მეტოქესაც. რთული თამაში გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი თამაშიც იყო. უპირატესობას ვფლობდით. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგია, ეს ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენა. თუმცა, ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მეორე ნახევარშიც უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, ვიდრე გავიტანეთ. მოგებას ვიმსახურებდით. ჩვენთვის საინტერესო მატჩი იყო, სეზონის ბოლოს განსაკუთრებით.
საქართველოს ნაკრებიდან ვერავის გამოვარჩევთ, კარგი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდია. თქვეს ფეხბურთელებს ჩვენს ქვეყანაშიც იცნობენ“, - თქვა ბრიტომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.