საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ კაბო-ვერდესთან მატჩის (1:1) შემდეგ თავის გატანილ გოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სურს, რომ მომავალში ნაკრებს უფრო მეტად დაეხმაროს.
„ნაკრებში გოლის გატანა ძალიან განსხვავდება კლუბში გოლის გატანისგან, უფრო დიდი ემოციაა, როცა შენი ქვეყნის სახელით გოლს იტან, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდები ამას და მინდა, კიდევ და კიდევ დავეხმარო ნაკრებს“, - თქვა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.