კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტრავმიანმა ითამაშა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ადგილი ამ თაობისთვისაა, რომელმაც ტიტული დაიმსახურა, ჩვენი ოჯახებისთვის. ჩემი შვილები აქ ჩამოვიდნენ, ჩემი ცოლი, ჩემი ძმა, ჩემი მეგობრები. პორტუგალიის სახელით გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემს კლუბებთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ პორტუგალიის სახელით გამარჯვებაზე უკეთესი არაფერია. თვალებზე ცრემლები მადგება.
ეს ჩვენი ერია. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ამბიციებით. ეს მაბედნიერებს. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ როდესაც ხალხი პორტუგალიაზე საუბრობს, ეს ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა. ამ თაობის კაპიტნობა სიამაყის წყაროა. ტიტულის მოგება ყოველთვის ეროვნული ნაკრების მწვერვალია. მომავალი მოკლევადიან პერსპექტივაზეა დამოკიდებული. ახლა კარგად დასვენების დროა. ტრავმა მქონდა, მაგრამ ვიბრძოდი, რადგან ეროვნული ნაკრებისთვის უნდა იბრძოლო.
ტკივილი უკვე ვიგრძენი გახურების დროს, დიდი ხანია ვგრძნობდი, მაგრამ თუ ეროვნული ნაკრებისთვის ფეხის მოტეხა მომიწევდა, აუცილებლად მოვიტეხდი. ტიტულისთვის ვიბრძოდით, უნდა მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, გოლით დავეხმარე“, - აღნიშნა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.