მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა. I ჯგუფში ნორვეგიის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და მუნდიალისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს.
ნორვეგიელებმა ოთხიდან სამჯერ სტუმრად მოიგეს, ესეც დიდი პლუსია, შინ დარჩათ სამი მატჩი სათამაშო და მხოლოდ ერთი გასვლაზე. ნორვეგიამ ამჯერად ესტონეთში მოიგო, მართალია, რთულად, მაგრამ მაინც. ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:0.
ამავე ჯგუფში იტალიის ნაკრებმა მოლდოვა გაჭირვებით სძლია საკუთარ კედლებში, 2:0, ჯაკომო რასპადორისა და ანდრეა კამბიაზოს გოლებით. „სკუადრა აძურას“ ბოლოჯერ უხელმძღვანელა ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც გაათავისუფლეს.
ნორვეგიას 12 ქულა აქვს, იტალიას - 3. მართალია, „აძურის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა სამი მიზეზით: ნორვეგიამ იტალიას 3:0 მოუგო, ბურთების ბალანსი ბევრად უკეთესი აქვს (+11 -1-თან), და ნორვეგიის ნაკრებს შინ აქვს სათამაშო ისრაელთან, ესტონეთსა და მოლდოვასთან, სადაც თუ ქულებს არ დაკარგავს, რაც ძალიან, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, პირველ ადგილზეც გავა, რაც 1998 წლის შემდეგ პირველად მუნდიალზე გაიყვანს. იტალიას მეორე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა ისრაელთან, რაც პლეი-ოფში გაიყვანს.
J ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობს, რომელმაც სტუმრად ყაზახეთი 1:0 დაამარცხა, 8 ქულა აქვს და პირველია. ბელგიის ნაკრებმა შინ უელსი დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. რუდი გარსიას გუნდი 3:0-ს იგებდა, შემდეგ ანგარიში 3:3 გახდა, მაგრამ ბოლოს „წითელმა ეშმაკებმა“ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს. უელსს 7 ქულა აქვს, ბელგიას 4, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
და ბოლოს, L ჯგუფი, სადაც ხორვატიის ნაკრებმა უშუალო კონკურენტი ჩეხეთი 5:1 გაანადგურა. ჩეხეთი მძიმე მარცხის მიუხედავად, 9 ქულით ლიდერია, მაგრამ ხორვატიას მხოლოდ 3 ქულით ნაკლები და ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, დიდი შანსია, ჯგუფში პირველობა მალე ხორვატიამ შეძლოს.
სამივე ჯგუფში მომდევნო ტურის მატჩები სექტემბერში გაიმართება.