საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ჟილინას სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეორედ ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა
„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკვე მეორედ ვართ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ახალგაზრდული ნაკრები, ასევე, ზედიზედ მესამე ზაფხულია საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა, თუ გავითვალისწინებთ, შარშან ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატს. ეს არის დიდი სტაბილურობა, რომლისკენაც ყოველდღიური შრომით მივდივართ. ამ სტაბილურობაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, საერთო საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო წინ წავალთ, რადგან ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ".
შრომით მოპოვებული საგზური
"პირველ თამაშს ვთამაშობთ, ძალიან სასიამოვნო იყო აქამდე განვლილი გზა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მეორე ევროპის ჩემპიონატია, სულ სხვა გემო აქვს საკუთარი შრომით, საკუთარი ნერვებით, დიდი ბრძოლებით, მოპოვებულ საგზურს. ჩვენი საკუთარი ხელით მოპოვებული საგზური სულ სხვაა, როგორც ემოციურად, ასევე გუნდს ზრდის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მას უკვე ბევრი ბრძოლა აქვს გამოვლილი. ხვალ ველოდები იმ გუნდის ხილვას, რომელსაც ვიცნობ, თავისი კონკრეტული მიმართულებებით, ფილოსოფიით, იდენტობით, მენტალური მახასიათებლებით, რადგან არასდროს გვაკლდა ბრძოლისუნარიანობა, მენტალური მხარეები ჩვენში ყოველთვის ჭარბად იყო".
დანაკლისი ევროპის ჩემპიონატის წინ
"დიახ, დიდი დანაკლისი გვაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მათ საკუთარი წვლილი და როლი ჰქონდათ იმ წარმატებაში, რამაც აქ მოგვიყვანა და ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა. ხვალ მოედანზე გამოჩნდება, როგორ გადავეწყობით. მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მზადყოფნაში შევხვდეთ ამ ყველაფერს. გუნდისგან ერთადერთი, რასაც ვითხოვ, გუნდურობაა, რადგან ეს აბალანსებს ინდივიდების გამოკლებას. გულდასაწყვეტია, დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩემი გუნდის იმედი ყოველთვის მქონდა".
მეტოქე
"პოლონეთი სერიოზული და ძლიერი მეტოქეა. დაბალანსებული გუნდია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მათ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმები გვაქვს, რომლის რეალიზებას ვეცდებით. გეგმა ყოველთვის ერთიდაიგივეა, ნებისმიერ თამაშში დადებითი შედეგის მიღწევა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება, არაფერი იცვლება. მენტალურად არაფერი შეცვლილა და ხვალაც მოედანზე დადებითი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით".
წარმატებული პერიოდი სპორტში
"მინდა, ვილის [სანიოლი] წარმატებები ვუსურვო, ასევე მინდა, ხვიჩას ჩემი და მთელი გუნდის სახელით მოვულოცო ეს წარმატება, აგრეთვე, მერაბ დვალიშვილს. ვისურვებ, რომ ივნისი ისე დაგვემთავრებინოს, როგორც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება, რომ ძალიან ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი".
დებიუტანტი ვახტანგ ბედოშვილი
"დარწმუნებული ვარ, ამაზე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, როდესაც მესამე ლიგაში თამაშობდა, რადგან დიდი დრო არ არის ამ ყველაფრიდან გასული. ყოველთვის ვამბობთ, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ეს ამის ნათელი მაგალითია. მის საფეხბურთო უნარებზე უკვე გვქონდა ინფორმაცია. ეროვნულ ლიგაშიც საკმაოდ კარგად ითამაშა, დავინტერესდით მისი პიროვნული თვისებებითაც, დადებითი პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გაჩერდეს. მისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა, პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, თუმცა სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მთავარი იყო გუნდში მისი ინტეგრირება, რადგან ბიჭების უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდიან და ისიც სრულფასოვან წევრად მივიღეთ და ეს გვახარებს ყველაზე მეტად, რადგან ისიც ახლა ჩვენი ოჯახის წევრია".
საბა საზონოვი
"საბა პროფესიონალია, დიდი სამუშაო გასწია, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ გუნდთან როცა დაიწყო ვარჯიში, რათა აქ ყოფილიყო. მან აქ ყოფნა დაიმსახურა, დანარჩენი უკვე პროცესში გამოჩნდება".
ოთხმცველიანი სქემა
"ამ ორი წლის განმავლობაში 4 მცველით გვითამაშია. სქემის ცვლილება დამოკიდებულია კონკრეტულ თამაშზე, მეტოქეზე, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვართ და კონკრეტულ შედეგზე ვფიქრობთ. სქემის ადაპტირება მეტოქიდან გამომდინარე მოხდება, თუ რა დონის მეტოქესთან და კონკრეტულად, რას აკეთებს მოწინააღმდეგე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. არაფერს გამოვრიცხავ. ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა თუ გვინდა, გუნდმა უნდა იცოდეს როგორც დაცვა, ასევე, პრესინგის თამაში, ყველაფრის გაკეთება და კონკრეტულ სიტუაციაზე ადაპტირდეს".
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
სოფო ერქვანია ჟილინადან